ბელარუსიდან ერაყში კიდევ 600 მიგრანტი დააბრუნეს

 

ერაყის მთავრობის განცხადებით, 26 ნოემბერს პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან დაბანაკებული კიდევ 600 ერაყელი მიგრანტი სამშობლოში დააბრუნეს.

გასულ კვირას მინსკიდან უმეტესად ქურთული წარმოშობის 431 ერაყელის რეპატრიაცია განხორციელდა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელარუსში ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულმა ათასობით მიგრანტმა მოიყარა თავი, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ.

ბრიუსელი ბელარუსის რეჟიმის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკას პოლონეთის საზღვრის გადასაკვეთად მიგრანტებისთვის დახმარებაში სდებს ბრალს.

ევროკავშირის განცხადებით, შარშან ბელარუსში გაყალბებული არჩევნების გამო დაწესებული სანქციების სანაცვლოდ ლუკაშენკა ახლა მიგრანტების საკითხით მანიპულაციას ცდილობს.

ამავდროულად, ბრიუსელი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეხუთე პაკეტს ამზადებს. ახალი შეზღუდვები „ჰიბრიდულ შეტევის“ წარმოებასა და მიგრანტების ტრეფიკინგზე პასუხისმგებელ ბელარუს ჩინოვნიკებს შეეხებათ.

ცოტა ხნის წინ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკამ განაცხადა, რომ „თუ მიგრანტები ევროკავშირში გადასვლის მიზნით ბელარუსში კვლავ ჩავლენ, ის მათ შეჩერებას არ შეეცდება“.

 

მსგავსი სიახლეები