ბელარუსის არმიის დანაყოფები ომში შესაძლოა უახლოეს საათებში ჩაერთონ - BBC
ბელარუსს არმიის ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს, ეს ნაწილები უკრაინის წინააღმდეგ ომში შესაძლოა უახლოეს საათებში ჩაერთონ.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი კვლავ აქტიურად აგრძელებს ბელარუსის ტერიტორიაზე საავიაციო ტექნიკისა და სპეცრაზმელების მობილიზებას.
"მინსკის მახლობლად მდებარე, მაჩულიშის აეროდრომზე თავმოყრილია 50-მდე თვითმფრინავი, 10 ვერტმფრენი და 2 სატვირთო-სადესანტო თვითმფრინავი AН-124. მაჩულიშისა და ბარანოვიჩის აეროდრომებიდან მუდმივად მოფრინავს ტექნიკა უკრაინის მიმართულებით, ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობამ მზადყოფნაში მოიყვანა ცალკეული დანაყოფები", - ნათქვამია განცხადებაში.
რეპრესირებულების დახმარების ფონდ BYSOL-ის დამფუძნებლის, ანდრეი სტრიჟაკის ინფორმაციით, ორშაბათს, მოსკოვის დროით დილის 5 საათზე ბელარუსის საჰაერო-სადესანტო ძალების დაჯგუფება გადაგზავნილი იქნება უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად.
სტრიჟაკის განცხადებით, ამის შესახებ მას ბელარუსის არმიის სამხედრო მოსამსახურემ უთხრა, რომელმაც შესაბამისი შინაარსის ბრძანება უკვე მიიღო.
"გადაწყვეტილება ბელარუსის არმიის ომში ჩართვასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. მე რამდენადაც ვხვდები სხვადასხვა ნაწილები საომარ მოქმედებებში სხვადასხვა დროს ჩაერთვებიან", - ამბობს სტრიჟაკი.
სტრიჟაკი ამბობს, რომ ლუკაშენკა ბოლომდე ითრევდა ფეხს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით და იმედოვნებდა, რომ ოპერაცია ორშაბათამდე მორჩებოდა.
სტრიჟაკის აზრით, მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსულმა არმიამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია მათ ამ ომში სურთ პირდაპირ ჩართონ სატელიტი სახელმწიფო.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ალექსანდრ ლუკაშენკას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ლუკაშენკამ ზელენსკის მყარი გარანტიები მისცა, რომ სანამ მოლაპარაკებების რაუნდი არ დასრულდება და უკრაინული დელეგაცია შინ არ დაბრუნდება, ბელარუსულ ავიადრომებზე განლაგებული თვითმფრინავები და სხვა ტიპის ტექნიკა ბელარუსის საჰაერო სივრცეს არ გადაკვეთენ.