ბელგიაში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება
ბელგიაში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულები ან უნდა აიცრან, ან სამსახურს დაკარგავენ. ამის შესახებ The Associated Press იუწყება.
მოთხოვნა ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა, აპრილიდან კი მათ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება შეუწყდებათ.
ბელგიაში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 60 000 ადამიანია აუცრელი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ თქვა, რომ ის ყველა სექტორში სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგება.
ბელგიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდასთან ერთად შეზღუდვების რაოდენობაც იმატებს. ქვეყანაში ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 27%-ით გაიზარდა.
ბელგიის მოსახლეობის 74% სრულად არის აცრილი.