ბელგიის იუსტიციის მინისტრი ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის გამო გადადგა
ბელგიის იუსტიციის მინისტრი ვინსენტ ვან კუკენბორნი პარასკევს თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან ბრიუსელში ტერორისტული თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბელგიელი მინისტრის თქმით, პარასკევს დილით მან შეიტყო, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში ტუნისმა ბელგიას გაუგზავნა თხოვნა ტერაქტის ჩამდენი პირის ექსტრადაციის შესახებ, მაგრამ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
"ეს არის ინდივიდუალური შეცდომა, ეს არის მძიმე შეცდომა, ეს არის მიუღებელი შეცდომა. ეს არის შეცდომა დრამატული შედეგებით... მართალია ეს დამოუკიდებელი მოსამართლის საქმეა, მაგრამ მე მინდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღო ამ მიუღებელ შეცდომაზე." - თქვა მან.
ვან კუკენბორნმა აღნიშნა, რომ ტოვებს თანამდებობას და იუსტიციის სამინისტროს სახელით პატიებას სთხოვს ტერაქტის მსხვერპლებს და მათ ოჯახებს, ასევე "შვედ და ბელგიელ ხალხებს."
იუსტიციის მინისტრის გადადგომა ბელგიისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ის ფედერალური მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად, ასევე ფლამანდიელი ლიბერალების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ითვლებოდა.
16 ოქტომბერს, საღამოს, ბრიუსელში 2 შვედი ფეხბურთის გულშემატკივარი მოკლეს. თავდამსხმელი ისლამისტი ტერორისტი აქტი აღმოჩნდა. როგორც ცნობილი გახდა, ის "ალაჰუ აკბარს" ყვიროდა და ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერია.