ბელგოროდის ოლქში მთლიანი ქალაქის ევაკუაციას იწყება - რა ხდება შებეკინოში

ბელგოროდის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქ შებეკინოს ევაკუაციას იწყებს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 5 კილომერში მდებარეობს. 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში რამდენიმეჯერ გაისმა მოწოდებები სხვადასხვა საზღვრისპირა დასახლების ევაკუციაზე, მაგრამ პირველად მიდის საუბარი 40 ათასი მაცხოვრებლით დასახლებულ რაიონულ ცენტრზე. 

შეკებინო საზღვართან სიახლოვის გამო ხშირად ხვდებოდა სროლის არეალში, თუმცა ბოლო დღეებში ცეცხლი გაძლიერდა. ისმის ჭურვებისა აფეთქებისა და სროლის ხმები. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქალაქს შეფერხებით მიეწოდება წყალი და დენი. 

დღეს დილით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები ქალაქის ცენტრიდან - ვიდეობზე ჩანს, რომ საქალაქო ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე შენობის სახურავზე ხანძარია. სავარაუდოდ, დაზიანებული შენობა საერთო საცხოვრებელია. გავრცელებულ ვიდეოებზე არ ჩანს სახანძრო სამსახურის მანქანები. 

ქალაქის შესაძლო ევუაკუაციაზე საუბრები ბოლო დღეებში გააქტიურდა - გუშინ, ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ 1 200 ადამიანის მიღებაზე უკვე მოელაპარაკა მეზობელ გუბერნატორებს. შებეკინოდან ევაკუირებული მოქალაქეები პენზაში, კალუგასა და ვორონეჟში გადაჰყავთ. 

უკვე დღეს დილით, გლადკოვმა განაცხადა, რომ სროლის პერიოდში ევუაკიცია დროებით შეჩერდებოდა, თუმცა წასვლის მსურველებს დახმარება აღუთქვა - "დაცულ ტექნიკას თქვენს სახლთან მოვაყენებთ." უკვე შუა დღისკენ სოციალურ ქსელებში გავრცელდა შებეკინოს გასასვლელში მობილიზებული ავტობუსების კადრები. 

გლადკოვი უარყოფდა უკრაინის მხრიდან დივერსიული ჯგუფის შემოჭრას. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, "რუსეთის არმიამ შებეკინოს რაიონში წარმატებით აღკვეთა სადაზვერო-დივერსიული ჯგუფების მხრიდან საზღვრის გარღვევის მცდელობა."

შოიგუს უწყებაში ამბობენ, რომ ლიკვიდირებულია 30 მოწინააღმდეგე და განადგურებულია Град-ის ტიპის, რეაქტიული ცეცხლის საბჭოთა დანადგარი. 

ამ განცხადებებს წინ უძღოდა ბატალიონ რუსეთის თავისუფლება-ს განცხადება, რომ მათ უკვე გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი - "სულ მალე შებეკინოს გარეუბნები გამოჩნდება",- ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანი. 

აღნიშნულმა ბატალიონმა სახელი გასულ კვირებში გაითქვა, როდესაც შებეკინოს მეზობელ, გრაივორონის რაიონში შეიჭრა და ადგილზე დაახლოებით 36 საათის განმავლობაში აწარმოებდა საომარ მოქმედებებს. 

მალევე გავრცელდა ვიდეო კადრები, რომელსაც ორმხრივი სროლა ჩანს - იგულისხმება, რომ შეტაკება დასახლება ნოვაია ტავოლჟანკასთან მიმდინარეობს, თუმცა დადასტურებით ამის თქმა რთულია. 

თავდაპირველად ოლქის გუბერნატორი 8 დაჭრილის შესახებ იუწყებოდა, მოგვიანებით რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ბელგოროდის N2 პოლიკლინიკის დირექტორის თქმით, სადაც დაჭრილები გადაიყვანეს, ყველა მათგანს ნაღმის ან ჭურვის ნამსხვრევების ჭრილობა აღენიშნება. 

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა მასშტაბური აფეთქების ხმაც - არსებული ინფორმაციით საუბარია უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნაზე, ვრცელდება ცნობები დაჭრილების შესახებ. 

სოციალურ ქსელებში სწრაფად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ადგილობრივი მაცხოვრებლები ქალაქიდან გასვლაში დახმარებას ითხოვენ. გასულ დღეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამაშველო სამსახურის ცხელი ხაზი აამოქმედა, თუმცა ადგილობრივების თქმით, მათთან დაკავშირება შეუძლებელია. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ისინი ქალაქში ახლობლების წამოსაყვანად დაბრუნებასაც ვერ ახერხებენ, რადგანაც ქალაქის შესასვლელი ჩაკეტილია. 

პირველი 100 დაზარალებული ბელგოროდის სპორტულ სტადიონზე მიიყვანეს. რუსეთის სახელისუფლებო მედიის მტკიცებით, აქ მოქალაქეებს დაარეგისტრირებენ, ხოლო შემდეგ სხვადასხვა რაიონში გადაანაწილებენ. 

რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებას საკითხზე არსებითი კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ამის შესახებ დასმულ კითხვაზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შებეკინოსთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინი ინფორმაციას ცოცხალი დროის რეჟიმში, თავდაცვის სამინისტროსგან იგებს. 

თავად, რუსეთის პრეზიდენტი ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო. 

 

მსგავსი სიახლეები