ბელორუსი უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში სამხედრო ბანაკს აშენებს
ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში, გომელის რაიონში ახალ სამხედრო ბანაკს აშენებს.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური წერს.
გამოცემა იუწყება, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი 2024 წლის მარტში უნდა დასრულდეს. ბანაკი რამდენიმე ყოფილი საბავშვო ბანაკის ტერიტორიაზე შენდება.
მაისში ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ შეიარაღებულ ძალებში "სამხრეთის ოპერაციული სარდლობის" შექმნა გამოაცხადა. ჟურნალისტები ამას უკავშირებენ ახალი სამხედრო ობიექტის მშენებლობას.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ახალ სამხედრო ბანაკში გარნიზონი განთავსდება, რომლის ამოცანაც სახელმწიფო საზღვრის დაცვა იქნება. მან აღნიშნა, რომ "არ გაუკვირდება", თუ უკრაინის საზღვართან კიდევ რამდენიმე ასეთი ობიექტი აშენდება.
"მაგრამ თუ ბელორუსისა და რუსეთის პოლიტიკური გაერთიანება მოხდება, მაშინ დოქტრინა შეიცვლება შეტევითი დოქტრინით. მაშინ ეს იქნება სამხედრო ბაზა თავდასხმისთვის." - თქვა ექსპერტმა.