ბელორუსის პროკურატურა ნობელის პრემიის ლაურეატისთვის 12 წლიან პატიმრობას ითხოვს

მინსკის ლენინსკის ოლქის სასამართლოში გამართულ მოსმენაზე, პროკურორმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ალეს ბიალიაცკისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრ "ვიასნას" საქმეზე, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსთხოვა.

ამავე საქმეში კიდევ 2 ბრალდებულებისთვის - "ვიასნას" ადვოკატის ვლადიმერ ლაბკოვიჩისთვის და ორგანიზაციის საბჭოს წევრის, ვალიანცინ სტეფანოვიჩისთვის მათ 9 და 11 წლიანი პატიმრობა მოითხოვეს.

ამ ინფორმაციას 9 თებერვალს БелТа ავრცელებს.

"ვიასნას" გამგეობის კიდევ ერთ წევრისთვის, საზღვარგარეთ მყოფი დიმიტრი სოლოვიოვისთვის, პროკურორმა 10 წლიანი პატიმრობა სთხოვა. სოლოვიოვის დოკუმენტები სასამართლოში სპეციალური წარმოების წესით განიხილება.

ყველა შემთხვევაში საუბარია მკაცრი რეჟიმის კოლონიაზე. გარდა ამისა, პროკურორი მოითხოვს, რომ თითოეულმა ბრალდებულმა 185 000 ბელორუსული რუბლი ($73 356 - რედ.) გადაიხადოს.

მათ ბრალად ედებათ "კონტრაბანდა" და "მასობრივი ღონისძიებების ორგანიზების ან ჩატარების წესის განმეორებით დარღვევა."

ალეს ბიალიაცკი, ვალიანცინ სტეფანოვიჩი და ვლადიმერ ლაბკოვიჩი 2021 წლის ივლისში დააკავეს. 

ალეს ბიალიაცკიმ მოსმენების დროს აღნიშნა, რომ ბელორუსში უფლებადამცველების ხანგრძლივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. ნობელის პრემიის ლაურეატმა გაიხსენა, რომ ბელორუსის იუსტიციის სამინისტრომ რამდენჯერმე თქვა უარი "ვიასნას" რეგისტრაციაზე. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

უფლებადამცველების ინფორმაციით, იანვრის ბოლოს ბელორუსში პოლიტპატიმრების რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა.

უკვე ციხეში მყოფმა ბიალიაცკიმ, 2022 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია რუსულ ორგანიზაცია "მემორიალთან" და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრთან ერთად მიიღო.

მსგავსი სიახლეები