ბელორუსში ვაგნერის ბანაკის დემონტაჟი მიმდინარეობს
ბელორუსში, მოგილევის რეგიონში, ოსიპოვიჩის მახლობლად, ვაგნერის ბანაკი თანდათან იშლება, კარვების მესამედი უკვე დაიშალა. ამ ინფორმაციას Радио Свобода ავრცელებს.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბანაკის ფართობის კლება რუსეთში პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
ვაგნერელების ბანაკი ბელორუსში ივნისის ბოლოს, ვაგნერის აჯანყების შემდეგ გაჩნდა, როდესაც დაქირავებულები ალექსანდრ ლუკაშენკას შუამავლობით ბელორუსში გადავიდნენ.
Радио Свобода-ს ცნობით, ბანაკის ჩრდილოეთ ნაწილში 129 კარავი იყო განთავსებული, მათგან 65-ის დემონტაჟი უკვე მოხდა. ბანაკის დასავლეთ ნაწილში 64 კარვიდან 27 დაიშალა, ცენტრალურ ნაწილში - 80-დან 9. ამგვარად, 273 საცხოვრებელი კარვიდან 101 დაიშალა.
გამოცემის ცნობით, დემონტაჟის პროცესი 1 აგვისტოს დაიწყო.
Беларускі Гаюн, რომელიც ბელორუსში სამხედრო აქტივობას აკონტროლებს, წერს, რომ 28 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ბანაკში 300-მდე კარვიდან დაახლოებით 35 დაიშალა და ოსიპოვიჩის მახლობლად მდებარე ბანაკში სიტუაცია მუდმივად იცვლება.
დატოვეს თუ არა დაქირავებულებმა ბანაკი და თუ ასეა, სად წავიდნენ, უცნობია. ოსიპოვიჩის რაიონის სოფელ ცელიეს ბანაკიდან ვაგნერელების გაყვანას გამოცემა არ აფიქსირებს. ამავდროულად, წინა ღამით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტერნეტის შეფერხება დაფიქსირდა.
Радио Свобода-ს ბელორუსული სამსახური, მის ხელთ არსებულ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სხვა ბელორუსულ საწვრთნელ პოლიგონებზე ან სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე ახალი კარვების ბანაკები არ გაშენებულა.