ბენ სტილერი უარყოფს ცნობას, თითქოს უკრაინაში მისი ვიზიტი USAID-მა დააფინანსა
![](https://realpolitika.ge/storage/images/cache/900x440/ben stil1.png)
ამერიკელმა მსახიობმა ბენ სტილერმა უარყო 5 თებერვალს, სოციალური მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა მისი ჰუმანიტარული ვიზიტი უკრაინაში და ბრალდებებს "რუსული მედიის სიცრუე" უწოდა.
"მთლიანად მე დავაფინანსე ჩემი ჰუმანიტარული ვიზიტი უკრაინაში. არ ყოფილა USAID-ის დაფინანსება და, რა თქმა უნდა, არანაირი ანაზღაურება," - დაწერა სტილერმა X-ზე და აღნიშნა, რომ პრეტენზიები მის მიმართ არის "100 პროცენტით მცდარი."
სტილერმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მილიარდერმა ილონ მასკმა X-ზე გამოაქვეყნა დეზინფორმაცია, თითქოს USAID-მა დააფინანსა დასავლელი ცნობილი ადამიანების ვიზიტები უკრაინაში.
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) კეთილი ნების ელჩის როლში, სტილერი 2022 წლის ივნისში, რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინულ ოჯახებს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰოლივუდის მსახიობს, რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს ბენ სტილერს კიევში, 2022 წლის 20 ივნისს შეხვდა
უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა ასევე უარყო გავრცელებული დეზინფორმაცია და აღნიშნა, რომ მასკის მიერ გავრცელებულ პოსტში არსებული სტატია არ არსებობს.
"შესაბამისად, ინფორმაცია, რომელსაც ის ავრცელებს, რუსი ყალბი ნიუსმეიკერების გამოგონებაა," - აცხადებენ ცენტრში.
მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა და X-ის მფლობელმა ილონ მასკმა USAID-ს "კრიმინალური ორგანიზაცია" უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა მის დახურვას.
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, USAID-მა უკრაინას 2.6 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება, 5 მილიარდი დოლარის განვითარების დახმარება და 30 მილიარდი დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყო.
დაფინანსებამ ხელი შეუწყო სკოლების აღდგენას, ბომბის თავშესაფრების მშენებლობას და საავადმყოფოების მოწინავე სამედიცინო აღჭურვილობით აღჭურვას.
სააგენტოს მომავალი გაურკვეველი რჩება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ ყველა საერთაშორისო დაფინანსება 90 დღით გაყინა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 4 თებერვალს განაცხადა, რომ საგარეო დახმარებამ უნდა გააძლიეროს ამერიკის ინტერესები და არა უნდა იყოს ქველმოქმედება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია არ გეგმავს ყველა საერთაშორისო დახმარების შეწყვეტას.