ბერბოკი: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

"შეაჩერეთ ეს ომი. შეწყვიტეთ ჩვენი საერთაშორისო წესრიგის დარღვევა. შეწყვიტეთ უკრაინის ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა", - მიმართა მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს G20-ის სამიტზე, ნიუ დელიში.

"კარგია, რომ აქ ხართ, ამ დარბაზში, რათა მომისმინოთ. შეწყვიტეთ ეს ომი. არა ერთ თვეში ან წელიწადში, არამედ დღეს. ყველა ოჯახი, რომელიც კარგავს მამას, ძმას, დედას ან შვილს, კარგავს მთელ სამყაროს. ძლიერ ქვეყნებს არ აქვთ უფლება თავს დაესხან პატარა მეზობელს", - თქვა ბერბოკმა.

შარშან ლავროვმა G20-ის შეხვედრა გამოსვლისთანავე დატოვა, რათა კრიტიკა არ მოესმინა.

"როგორც ჩანს, რუსულ მხარესაც კი ესმოდა, რომ უბრალო ცრუ განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა არ დაიწყო ეს ომი, არ არის დამაჯერებელი და არ შეიძლება ჩაითვალოს კარგ სტრატეგიად, როცა სადმე ჩახვალ, ავრცელებ შენს ცრუ ნარატივს და მაშინვე გადიხარ", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ბერბოკმა განაცხადა, რომ G20-ის ქვეყნებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია უკრაინის ომის შესახებ.

"თუმცა, ის, რაც ყველას გვაერთიანებს, არის იმის აღიარება, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ადგილი, სადაც რუსეთის ომს დადებითი შედეგები მოიტანა", - თქვა მან და აღნიშნა, რომ რუსეთი თავად ზარალდება ამ ომით, რაზეც მეტყველებს ქვეყნიდან ათასობით ადამიანის გამგზავრება და მისი ეკონომიკური მაჩვენებლები.

მსგავსი სიახლეები