ბერბოკი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ითხოვს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თვლის, რომ უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე გადაწყვეტილება უფრო სწრაფად უნდა მიიღონ, რადგან ყოველი დღე მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ბერბოკმა ორშაბათს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს Taurus-ის უკრაინისთვის სწრაფად მიწოდებას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა: "რაც ყოველდღიურად წყდება, არის ის, რაც, ვფიქრობ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა გვეგრძნო."
ამასთანავე, ბერბოკმა გაიხსენა დანიისა და ნიდერლანდების გადაწყვეტილება წვრთნების დასრულების შემდეგ უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ და ამას "უკრაინისთვის და, შესაბამისად, ევროპისთვის მშვენიერი დღე" უწოდა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სისასტიკე ყოველდღიურად ახსენებს თავს მსოფლიოს.
"და გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ მოწმენი ვართ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა... და ამ კუთხით, ჩვენ ვსწავლობთ უკრაინის ყველა შემდგომ მოთხოვნას, რათა მას საშუალება ჰქონდეს დაიცვას საკუთარი მოსახლეობა." - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Taurus-ის რაკეტები გერმანიის საჰაერო ძალების ყველაზე თანამედროვე იარაღია. Taurus ფუნქციით Storm Shadow-ს ფრთოსან რაკეტებს ჰგავს, რომლებიც უკრაინას უკვე მიაწოდეს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა (ფრანგული რაკეტა ცნობილია როგორც SCALP).