ბერბოკმა უზბეკეთს მოუწოდა, თავიდან აიცილონ რუსეთის გავლენის ზრდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სამდღიანი ვიზიტის დროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს პარტნიორობის გაფართოებისკენ მოუწოდა.

უზბეკეთში და იქამდე ყაზახეთში ვიზიტებით გვსურს თანამშრომლობის სიგნალი გავუგზავნოთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს, 1 ნოემბერს, ტაშკენტში, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ნოროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან უზბეკეთს მოუწოდა, თავიდან აიცილონ რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეუფერხებელი ზრდა ცენტრალურ აზიაში.

პრესკონფერენციაზე ბერბოკმა ჩინეთთან გერმანიის ურთიერთობების თემა წამოჭრა. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პეკინში პირველ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, მან კანცლერს ბერლინის პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბების აუცილებლობა შეახსენა სამართლიანი კონკურენციის, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის საკითხებზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკაში ცვლილებების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"ჩვენ, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, უნდა შევიმუშავოთ ახალი სტრატეგია ჩინეთისთვის, რადგან ჩინეთის პოლიტიკური სისტემა ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა", - თქვა მან.

ტაშკენტში ვიზიტისას ბერბოკმა ასევე მოინახულა სკოლა, სადაც გერმანულს 1963 წლიდან ასწავლიან.

გარდა ამისა, მისი პროგრამა მოიცავს ალმალიკის სამთო და დნობის ქარხანაში ვიზიტს, რომელიც აწარმოებს უზბეკეთში ვერცხლის 90%-ს და ოქროს 20%-ს. მინისტრს თან ბიზნეს დელეგაცია ახლავს.

უზბეკეთთან და ყაზახეთთან თანამშრომლობის გაფართოებით ბერლინი იმედოვნებს, რომ შეამცირებს მათ ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდას.

გუშინ ბერბოკი ასტანას ეწვია.

მსგავსი სიახლეები