ბესენტი ზელენსკის შეხვდა: მხარეებმა უკრაინულ წიაღისეულზე შეთანხმება განიხილეს

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა (ფინანსთა მინისტრი) სკოტ ბესენტმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა ხუთი მიზეზი, თუ რატომ მიიჩნევს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის შეთანხმების პროექტს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანად.

ამერიკელი მინისტრის თქმით, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომის სწრაფი დარეგულირების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხედვის თვალსაზრისით.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს უკრაინელ ხალხს ამერიკის დახმარების შემდგომ გარანტიებს მისცემს," - განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, ასეთი შეთანხმება იქნება ძლიერი სიგნალი რუსეთის ხელისუფლებისთვის ამერიკის ვალდებულებების შესახებ.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ასევე იქნება სიგნალი ამერიკელებისთვის, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები არა მხოლოდ იზიარებენ საერთო ღირებულებებს და უსაფრთხოების გამოწვევებს, არამედ უფრო მეტად თანხმდებიან ეკონომიკურ საკითხებში, რაც ითვალისწინებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს.

"რაც უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია იქნება უკრაინაში - და მე მჯერა, რომ როდესაც ეს კონფლიქტი დასრულდება, უკრაინის ეკონომიკა ძალიან ძლიერი იქნება - მით მეტ უსაფრთხოებას მისცემს ეს უკრაინელ ხალხს. და მე მჯერა, რომ აშშ-ის უფრო მკაფიო ხედვა უკრაინის ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ამაჩქარებელი პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციისთვის," - თქვა ბესენტმა.

კონტექსტი

აშშ-ის ხაზინის მდივანი უკრაინაში 12 თებერვალს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა კიევს გადასცა "პარტნიორობის შეთანხმების" პირველი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციებს უკრაინის მინერალურ რესურსებში, შემდგომი დახმარების სანაცვლოდ.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია უკრაინასთან ხელშეკრულების გაფორმებით იშვიათი მინერალების და სხვა რესურსების მიღებაზე, იარაღის მიწოდების სანაცვლოდ.

მოგვიანებით ტრამპმა დაამატა, რომ კიევი "პრინციპში დათანხმდა" 500 მილიარდი დოლარის ღირებულების მინერალებზე შეთანხმებას.

მსგავსი სიახლეები