Bild: რუსეთი უკრაინისთვის ზღვაზე გასასვლელის ბლოკირებას და კიევის ალყას აპირებს

 

რუსეთი მზადაა 2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინას ერთდროულად რამდენიმე ფრონტიდან შეუტიოს, ამის შესახებ გერმანული Bild საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გერმანული გამოცემის მიხედვით, თავდასხმა ერთდროულად დაიწყება ანექსირებული ყირიმიდან და ოკუპირებული დონბასიდან. Bild-ის კიდევ ერთი წყარო ნატოს შტაბ-ბინიდან ამბობს, რომ შეტევა სამფაზიანი იქნება და ყოველი შემდეგი ფაზის დაწყება დასავლეთის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.

პირველ ეტაპზე რუსეთი სამხრეთ უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, რაც ყირიმის რესურსებით უზრუნველყოფის გარანტია იქნება, ხოლო უკრაინას შავი ზღვისგან მოწყვეტს. ამავდროულად, ხერსონის რეგიონში რუსი მედესანტეების ოპერაცია დაიწყება, რომლებიც დნეპრზე ხიდების ბლოკირებას მოახდენენ და უკრაინულ ძალებს მომარაგების გარეშე დატოვებენ.

მეორე ეტაპზე რუსეთის საჰაერო ძალები და ბალისტიკური რაკეტები მთელი უკრაინის ტერიტორიაზე დაბომბავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბაზებს. თუ რუსეთი დაინახავს, რომ ამან საკმარისად დაასუსტა უკრაინის არმია, ისინი ხარკოვს, დნეპროპეტროვსკს და პოლტავას დაიკავებენ.

რუსეთის არმია ქალაქებს ალყაში მოაქცევს, გათიშავს ელექტროენერგიას, გაზს და საკვების მიწოდებას შეაფერხებს. რამდენიმე კვირაში კი ისინი ამ ქალაქებში მოქალაქეების "შიმშილისგან გადარჩენის" მოტივით შევლენ.

მესამე ეტაპზე რუსეთის არმია კიევს ჩრდილოეთიდან შეუტევს, ამავდროულად Bild-ის წყარო არ გამორიცხავს კიევზე უფრო ადრე თავდასხმის შესაძლებლობას.

თუკი ეს სცენარი განხორციელდა, რუსეთი უკრაინის ახლანდელი ტერიტორიის ორ მესამედს დაიკავებს.

 

მსგავსი სიახლეები