აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს უკრაინიდან სამხედრო კონტინგენტი გამოჰყავთ

 

რუსული ინტერვენციის საფრთხის ფონზე აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში განთავსებული რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

150 ამერიკელი სამხედრო, რომელიც ფლორიდის ეროვნულ გვარდიაში ირიცხება, უკრაინას დატოვებს და ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადაინაცვლებს, განაცხადა პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ.

ამერიკელების მსგავსად, საკუთარი სამხედრო მისიის გაყვანას იწყებს დიდი ბრიტანეთიც. 

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანელი ჯარისკაცები უკრაინას შაბათ-კვირის განმავლობაში დატოვებენ.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემთხვევაში უკრაინაში არცერთი ბრიტანელი სამხედრო არ იქნება.

 


11 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განახლება შესაძლოა ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე, 20 თებერვლამდე სცადოს.

უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის „დაუყოვნებლივ“ დატოვებისკენ მოუწოდა.

მსგავსი განცხადებები გააკეთეს დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ისრაელმა, ლატვიამ და სხვა ქვეყნებმა.

 

ესკალაციის ქრონიკა: უკრაინა-რუსეთის შესახებ ბოლო სიახლეები

 

მსგავსი სიახლეები