ბლინკენი: ისრაელმა არ უნდა მოახდინოს ღაზის რეოკუპაცია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ომის დასრულების შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორის ხელახალი ოკუპაცია არ უნდა მოახდინოს. 

ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ ქალაქ ტოკიოში განაცხადა. 

კონფლიქტზე საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჰამასს აღარ უნდა მიეცეს ღაზის სექტორის მმართვის საშუალება. "ღაზა არ უნდა იყოს გამოყენებული ტერორიზმის ან სხვა ძალადობრივი აქციების პლატფორმად."

ამასთანავე, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელია პალესტინელების იძულებითი განდევნა არც ახლა და არც კონფლიქტის დასრულების შემდეგ. 

"კონფლიქტის დასრულების შემდეგ ისრაელმა არ უნდა მოახდინოს ღაზის რეოკუპაცია, არ უნდა იყოს ღაზის ალყაში ან ბლოკადაში მოქცევის მცდელობა",- განაცხადა ბლინკენმა. 

კონტექსტი 

7 ოქტომბერს ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიბი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გაურკვეველი ვადით ისრაელი იქნება. 

საყურადღებოა, რომ ნეთანიაჰუს მიერ გამოყენებულ ფრაზას ისრაელის მთავრობის წევრები ხშირად იყენებენ იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირთან მიმართებით. 

ე.წ. ოსლოს შეთანხმებების მიხედვით, დასავლეთ ნაპირის ნაწილი პალესტინის მუნიციპალური კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ისრაელია. 

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ისრაელის ძალოვან უწყებებს დასავლეთ ნაპირზე მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ, თუმცა უფრო ყოფით საკითხებზე პასუხისმგებელი პალესტინური ადმინისტრაციაა. 

ამგვარი სქემის პროლიფერაცია ღაზის კონტექსტში გარკვეული პალესტინური უწყების ჩართულობას მოითხოვს, ჯერჯერობით უცნობია მოიძებნება თუ არა ამის მსურველები პალესტინურ ადმინისტრაციაში. 

5 ოქტომბერს ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ, პალესტინური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მისი უწყება მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მძევლების გათავისუფლებისთვის ღაზაში 3 დღით ცეცხლის შეწყვეტა ვერ შესთავაზა. 

გამოცემის ამერიკული წყაროების ცნობით, კატარის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად ჰამასი თანახმა იქნება 3-დღით ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ 10-15 მძევალი გაათავისუფლოს და წარმოადგინოს გატაცებული ისრაელელების სრული სია. 

7 ნოემბრის ვიდეო მიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტასა და საწვავის გატარებას ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლების გარეშე.

 

მსგავსი სიახლეები