ბლინკენი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთი იზოლირებულია

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან დაკავშირებით მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა India Today-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 3 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ვფიქრობ, მრავალი თვალსაზრისით ნათელია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო იზოლირებულია. ორიოდე კვირით უკან დაბრუნდით - 141-მა ქვეყანამ, გაეროს სამმა მეოთხედმა, გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და ითხოვს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, თუ ნახავთ თავმჯდომარის, ინდოეთის განცხადებას, ეს ასახავს 20 ქვეყნიდან 18-ის პოზიციას, ანუ ყველა ქვეყნის, რუსეთისა და ჩინეთის გარდა", - განაცხადა მან.

ბლინკენი თვლის, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება უკრაინის ომთან დაკავშირებით აშკარაა. მან გაიხსენა, რომ არაერთმა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს შეაჩეროს აგრესია, რადგან ეს პრობლემაა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან რუსული აგრესიის შედეგები ყველგან შეიმჩნევა.

"ხალხი ამას გრძნობს ენერგოპროდუქტების უფრო მაღალი ფასების, საკვები პროდუქტების უფრო მაღალი ფასების სახით და ქვეყნები ამას განსხვავებულად გრძნობენ, რადგან თავს დაესხნენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ იმ პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს გაეროს წესდებას, პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია მსოფლიოში მშვიდობის შესანარჩუნებლად. მაგალითად: არ შეიძლება ერთი ქვეყანა უბრალოდ წავიდეს და შეეცადოს მეორეს ხელში ჩაგდებას, მისი საზღვრების წაშლას, მისი იდენტობის წაშლას." - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები