ბლინკენმა და ლავროვმა G20-ის სამიტზე ომის დაწყების შემდეგ პირველად ისაუბრეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის მოკლე საუბარი ნიუ დელიში, G20-ის სამიტის ფარგლებში შედგა. ეს მათი პირველი შეხვედრაა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ბლინკენმა ლავროვთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მხარს იქამდე დაუჭერს, "სანამ ეს საჭირო" იქნება. მან მოსკოვს მოუწოდა გადახედოს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში (START) მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილებას და ასევე მოითხოვა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელის, პოლ უელანის გათავისუფლება.

პოლიტიკოსების საუბარი, ამერიკული მხარის ცნობით, 10 წუთი გაგრძელდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია რა თქვა ლავროვმა.

თავად ლავროვს შეხვედრის შესახებ ჯერ არ უსაუბრია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ შეხვედრის ფაქტი დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ შეხვედრა "გავლისას" შედგა, საუბარი არ არის სრულფასოვან მოლაპარაკებებზე.

მსგავსი სიახლეები