Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს
17 ივნისს ევროკომისია, "კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებული პირობებით", უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. ამის შესახებ Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით 11 ივნისს დაწერა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას უკრაინის განაცხადის განხილვამდე ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.
თავად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეიძლება 10 წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს, რომლის განმავლობაშიც ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის წესები და სტანდარტები.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 11 ივნისს განაცხადა, რომ კიევში მისი ვიზიტის მიზანი უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხების განხილვა იყო.
ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შედეგად, ბრიფინგზე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია მომავალი კვირის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უკრაინის განაცხადის შესახებ მოსაზრებას მოამზადებს.
ზელენსკიმ ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დადებითი პასუხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე "შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე, აქვს თუ არა ევროპულ პროექტს საერთოდ მომავალი".