Bloomberg: რუსეთს არ აქვს ასადის გადარჩენის გეგმა
რუსეთს არ აქვს ბაშარ ასადის რეჟიმის გადარჩენის გეგმა და მოსალოდნელია, რომ მსგავსი გეგმა არ გაჩნდება სანამ სამთავრობო ჯარები უკან იხევენ.
ინფორმაციას ამის შესახებ კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
ჰაიათ თაჰრირ აშ შამის აჯანყებულები ალეპოსა და ჰამას დაკავების შემდეგ სწრაფად უახლოვდებიან ბაშარ ასადისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ჰომსს.
ჰომსის დაკარგვა რუსეთის სამხედრო ბაზებს დამასკოსგან მოჭრის - Z-ბლოგერები უკვე განიხილავენ რუსული ბაზების ევაკუაციის აუცილებლობას.
"ხმეიმის აეროდრომი არ არის დიდი ინდუსტრიული ობიექტი, სარდაფებით, ეს არის გაშლილი ველი პატარა ქოხებით, რომელიც შეწყვეტს ფუნქციონირებას იმ წამსვე, რა წამსაც მოწინააღმდეგე მიუახლოვდება აეროდრომს საარტილერიო ცეცხლის, ან დრონების სამუშაო მანძილზე",- წერს Z-ბლოგერი Flightbomber.
საფრთხე ემუქრება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ფუნქციონირებას ტარტუსში, რომლიდანაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაიყვანა გემების ნაწილი.
"ბაზების ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, საუკეთესო შემთხვევაში შესაძლებელია პირადი შემადგენლობის, დოკუმენტებისა და გამართული თვითმფრინავების გამოყვანა"- წერს ბლოგერი.
სირიაში სამხედრო ბაზების დაკარგვა მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთის ოპერაციებს აფრიკაში - ხმეიმინი საკვანძო მნიშვნელობის ლოჯისტიკური ჰაბია, რომლიდანაც შეიარაღება და დანაყოფები მიემართებიან სუდანში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ჰომსის დაკავება სტრატეგიულ პრობლემას შეუქმნის ასადის რეჟიმსაც - ეს არის საკვანძო ლოჯისტიკური კვანძი, რომელიც სამთავრობო ჯარების მახლობელ რაიონებთან და ალავიტური უმცირესობით დასახლებულ პუნქტებთან აკავშირებს.
არაერთი კომენტატორის ცნობით, ბაშარ ასადი ამ დროისთვის ურთულეს მდგომარეობაშია. ახლო აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტის ჩარლზ ლისტერის თქმით, ჰომსის დაკავება აჯანყებულებს გზას გაუხნის დამასკოსკენ.
"თუ კი ასადის არმიის საბრძოლო სულისკვეთება გააგრძელებს დაცემას, დამასკო შესაძლოა რამდენიმე დღეში დაეცეს"- ამბობს ჩარლზ ლისტერი.
აჯანყებულების წინსვლის პარალელურად კატარში შეხვედრისთვის ემზადებიან თურქეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც სირიაში სამშვიდობო პროცესის გარანტორები არიან.
6 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მან დაურეკა ბაშარ ასადს და ქვეყნის მომავლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა დადებითი პასუხი არ მიუღია.
ბოლო ცნობებით აჯანყებულები უკვე ჰომსის გარეუბნებში იმყოფებიან.
OSINT ანალიტიკოსების ცნობით, ასადის არმიამ დაკარგა მის განკარგულებაში არსებული ტანკების 14% და ჯავშანტექნიკის 12%.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დაზვერვა უახლოეს მომავალში ასადის რეჟიმის ჩამოშლას პროგნოზირებს.
უფრო ვრცლად სირიაში განვითარებული მოვლენების შესახებ წაიკითხეთ აქ.