ბორელი: ჩინეთის "სამშვიდობო გეგმა" არ განასხვავებს აგრესორსა და მსხვერპლს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ჩინეთის ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" გააკრიტიკა. მისი პოზიცია 26 თებერვალს ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, დოკუმენტში შესაბამისი წინადადებები არ არის. გეგმა იმეორებს ჩინეთის ცნობილ პოზიციებს, რომელთაგან ზოგიერთს ევროკავშირი იზიარებს, მაგრამ გეგმას მნიშვნელოვანი პუნქტები აკლია.

"რა თქმა უნდა, გავაანალიზებთ, მაგრამ უკვე გასაგებია, რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალურად არ განასხვავებს აგრესორს მსხვერპლისგან, აყენებს მათ იმავე დონეზე", - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზაზე აუცილებელია დავეყრდნოთ გაეროს გენერალური ასამბლეის 23 თებერვლის რეზოლუციას, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ 10 პუნქტიან გეგმას.

კონტექსტი

18 თებერვალს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ოფისის ხელმძღვანელმა ვანგ იიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტო კულებას კომუნისტური პარტიის "სამშვიდობო გეგმის" ძირითადი პუნქტები გააცნო. 

24 თებერვალს გამოქვეყნდა დოკუმენტი - "ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების შესახებ", რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. ზელენსკიმ თქვა, რომ ამ დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტი უკრაინის ინტერესებშია და ზოგს კიევი არ ეთანხმება. ამასთან, ზელენსკი დოკუმენტს გეგმად არ მიიჩნევს, მისი თქმით, საუბარია ჩინეთის "მოსაზრებებზე" კონფლიქტის დასარეგულირებლად.

მსგავსი სიახლეები