ბორელი: ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 20 მილიარდიან ფონდს შექმნის
ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ფონდს შექმნის, საიდანაც 2024-2027 წლებში კიევს ყოველწლიურად 5 მილიარდი ევრო გადაეცემა შეიარაღებისა და სასწავლო პროგრამებისთვის.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ უკრაინის მხარდაჭერა ომის შემდეგაც გაგრძელდეს, რაც არ უნდა მოხდეს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის სამხედრო დახმარება უფრო სტრუქტურირებული უნდა გახდეს და ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) დახმარებაზე უარი უნდა ითქვას.
"ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს ქვეყნის აღდგენის მიზნით, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად," - განაცხადა მან.
ამ დროისთვის უკრაინამ ევროკავშირის ბიუჯეტის გარეთ არსებული მექანიზმიდან 5.6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება მიიღო. ფონდი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ღირებულებას უნაზღაურებს. ევროკავშირის კანონმდებლობა კრძალავს საბიუჯეტო სახსრების მესამე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებას.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის მხარდაჭერის უფრო ფართო ასპექტები განიხილეს, მათ შორის ევროკავშირის პროგრამა მიმდინარე წლის ბოლომდე 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ.
სხვა საკითხებთან ერთად, ბორელმა უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მომზადების პროგრამის გაფართოების ინიციატივა გამოთქვა - 40 000 სამხედროს მომზადება წლის ბოლომდე. მისი თქმით, მანამდე დასახული მიზანი - 2023 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების 30 ათასი სამხედროს მომზადება - ნოემბრის ბოლოს მიიღწევა.