ბორელი: ევროკავშირის ქვეყნებს სანქციების მეცხრე პაკეტზე ერთიანი პოზიცია არ აქვთ
ევროკავშირის ქვეყნებს არ აქვთ ერთიანი პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტთან დაკავშირებით. ამის შესახებ 12 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ბორელმა განაცხადა.
"ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს შეხვედრა ხანგრძლივი და რთული იქნება. ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს ირანი, დღის წესრიგში გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას", - თქვა ბორელმა.
ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები უახლოეს დღეებში შეთანხმდეს.
"როდესაც მე ან ევროკომისიის პრეზიდენტი ვაკეთებთ განცხადებებს სანქციების შესახებ, ჩვენ მხოლოდ წინადადებებს ვაცხადებთ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო. ახლა 27 მინისტრს აქვს განსხვავებული ხედვა. ჩვენი წინადადებები ჯერ გადაწყვეტილება არ არის. მე ვფიქრობდი, რომ დღეს დილით შევძლებდით მწვანე შუქის ავანთებას, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, ეს ალბათ დღის ბოლოს ან ხვალ მოხდება, მაგრამ მაინც არის საკითხები, რომლებზეც უნდა შევთანხმდეთ". - აღნიშნა ბორელმა.
7 დეკემბერს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა.