ბორელი: ევროკავშირმა უკვე 22 მილიარდი ევროს დახმარება გადასცა უკრაინას

ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ფინანსური დახმარება 22 მილიარდი ევროა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა გერმანიაში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება და უკრაინის არმიის მხარდაჭერა.

"ევროკავშირმა უკვე გამოყო 22 მილიარდი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად და ამ რიცხვში არ შედის წევრი ქვეყნების მიერ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწეული სამხედრო მხარდაჭერა. მე ვგულისხმობ მხოლოდ 3 მილიარდ ევროს ევროპის მშვიდობის ფონდიდან და 19 მილიარდ ევროს ევროკავშირისგან და წევრი ქვეყნებისგან უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის: ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, უკრაინელებისთვის მასალების მიწოდება, რათა მათ შეძლონ ზამთარში გადარჩენა", - თქვა ბორელმა.

დიპლომატმა დასძინა, რომ ზამთარი ახლოვდება და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ელოდება "გენერალ ზამთარს", რომელიც მოვა და მხარს დაუჭერს რუსეთის ჯარს.

"ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ისინი იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენი მორალური მოვალეობაა მათი მხარდაჭერა", - შეაჯამა მან.

მსგავსი სიახლეები