ბორელი: ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას დააჩქარებს
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებას აპირებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბორელმა თქვა, რომ კულებამ ევროკავშირელ კოლეგებს სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ კიევს მეტი მხარდაჭერა სჭირდება რუსული შემოჭრისგან თავის დასაცავად.
"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მხარდაჭერა. მან [კულებამ] მხოლოდ რიცხვები მითხრა: ბახმუტის რაიონში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინას დღეში დაახლოებით 1000 საარტილერიო გასროლა სჭირდება. 1000 დღეში, მხოლოდ ბახმუტში. რათა გვქონდეს წარმოდგენა საომარი მოქმედებების ინტენსივობაზე და რუსეთის საცეცხლე ძალაზე და როგორ შეუძლიათ უკრაინელებს წინააღმდეგობა გაუწიონ ამ უწყვეტ და სისტემატურ დაბომბვას", - განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარებული პროცედურებით განხილვას. ახლა ევროპის ქვეყნებს მოუწევთ გახსნან საკუთარი რეზერვები და დაძლიონ ლოგისტიკური სირთულეები.
"დარწმუნებული ვარ, მინისტრ კულებასთან საუბარის დეტალებს საგარეო საქმეთა მინისტრები დედაქალაქებს გადასცემენ. მე ვთხოვე ყველას, ეს გზავნილი გადაეცათ თავდაცვის მინისტრებისთვის. [საბრძოლო მასალის] ნაკადი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ გაიზრდება, რადგან გვაქვს ფინანსური რესურსი. ეს არ არის დაფინანსების საკითხი, ეს არის ლოგისტიკის საკითხი. მაგრამ თქვენ იცით, ომი არის ლოგისტიკა. თუ დღეს ჩვენ უკრაინას საბრძოლო მასალას არ მივაწოდებთ, უკრაინა თავის დაცვას ვერ შეძლებს. ჩვენ ამას დავაჩქარებთ", - აღნიშნა ბორელმა.