ბორელი: F-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა მალე დაიწყება.

ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელი მიესალმა უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებს ეს სჭირდებათ.

"პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ უკრაინას ეს იარაღი (F-16. – რედ.) მივაწოდოთ", - აღნიშნა მან.

კონტექსტი

გასული კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა საერთაშორისო კოალიციის შექმნა გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი მფრინავების მომზადებას მეოთხე თაობის გამანადგურებლებზე, მათ შორის F-16-ზე.

კოალიციაში უკვე შედის დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, შეერთებული შტატები და პორტუგალია.

თეთრმა სახლმა ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით F-16-ს მიიღებს უკრაინა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, რომ F-16-ების მიღების შემდეგ უკრაინა ომს მოიგებს.

მსგავსი სიახლეები