ბორელი: ირანთან შეთანხმება რამდენიმე კვირაში აღდგება

 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს და შეთანხმება რამდენიმე კვირაში აღდგება.

ირანი და მეორე მხარეს, ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი უკვე რამდენიმე თვეა ბირთვული შეთანხმების აღდგენას ცდილობენ, რომლის ნაწილიც ამერიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წლიდან აღარ არის.

ბორელმა პარასკევს განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში სერიოზული პროგრესია.

"იმედია, რამდენიმე კვირაში მექნება შესაძლებლობა საბოლოო შედეგებზე ვისაუბრო და ჩვენ შევძლებთ შეთანხმების აღდგენას." - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს იმედი აქვთ, რომ შეთანხმების აღდგენის შემთხვევაში ირანის ბირთვული პროგრამის პროგრესი შეჩერდება, სანაცვლოდ კი ამერიკა სანქციებს მოხსნის.

ბორელმა თქვა: "ვფიქრობ პროცესები უნდა დავაჩქაროთ. თუ ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდება, ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. ამერიკა შეთანხმებაში უნდა დავაბრუნოთ, ირანელები კი მის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილონ."

 

მსგავსი სიახლეები