ბორელი: პუტინმა საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლა გადაწყვიტა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა, საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ბორელმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის არსებობა უკრაინაში წყდება, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს საფრთხეს, "რომელიც მოდის დიდი ძალისგან" და რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ დემოკრატიას.
"პუტინმა ომის საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელება გადაწყვიტა. [რუსეთის] წარმატება დამოკიდებულია ბრძოლის ველზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოყვანაზე.
...და თუ ჩვენ კურსს სწრაფად არ შევცვლით, თუ არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, ეს პუტინს საშუალებას მისცემს უკრაინაში ომი მოიგოს," - აღნიშნა ბორელმა.
მან განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილის ოკუპაციით და დანარჩენი ტერიტორიის ევროკავშირში შესვლას არ დაუშვებს. გარდა ამისა, ის ელოდება, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის უფრო ხელსაყრელ სცენარს შექმნის.
"ამიტომ უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის დიდი ხნის განმავლობაში. პუტინმა გადაწყვიტა ომის საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელება," - განაცხადა დიპლომატმა.
ბორელმა გაიმეორა, რომ პუტინი ცდებოდა თავისი არმიის სიძლიერის, უკრაინის წინააღმდეგობის სიძლიერის და მის ქმედებებზე დასავლური სამყაროს რეაქციის გათვლაში.
"რუსეთი ვერასოდეს გახდა ერი. ის ყოველთვის იყო იმპერია - მეფისას, საბჭოთა კავშირის დროს და ახლა პუტინთან ერთად. ეს არის რუსეთის კონსტანტა, მისი პოლიტიკური იდენტობა და, შედეგად, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის," - დაასკვნა დიპლომატმა.