ბორის ჯონსონი: რუსეთი უკრაინაში შეჭრით ახალ ჩეჩნეთს მიიღებს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრა "დამღუპველი, მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი" შედეგებით დასრულდება.
მისი თქმით, ბრიტანეთი "ეკონომიკური სანქციების პაკეტს ამზადებს" რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის.
ნატო თავის სამხედრო ძალებს მზადყოფნაში აყენებს და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით გემებსა და ავიაციას აგზავნის.
რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს, თუმცა საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
კრემილი სიტუაციის ესკალაციაში ნატოს ადანაშაულებს.
"სიტუაცია ძალიან ცხადია, რუსეთს 60 საბრძოლო დაჯგუფება ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან. ჩვენ კრემლისთვის გასაგებად უნდა ვთქვათ, რომ რუსეთისთვის ეს დამღუპველი ნაბიჯი იქნება." - თქვა ჯონსონმა.
"ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთში გაიგონ, რომ ეს შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი აღმოჩნდეს." - დასძინა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.
1990-იან წლებში რუსეთი წარუმატებლად იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ, რასაც ათასობით რუსი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.