BP და Shell უარს ამბობენ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე
მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიები - ბრიტანული BP და Shell უარს ამბობენ, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე. ასევე - ახალ პროექტებში ინვესტირებაზე.
სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების მიღება ორივე კომპანიისთვის რთული იყო - ჯერ კიდევ გასულ პარასკევს მათ რუსული ნავთობის ახალი პარტია შეიძინეს. კომპანიების ქცევა ღიად გააკრიტიკა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ.
დასავლეთი ჯერჯერობით თავს იკავებს რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებისგან, რადგანაც ამ დროისთვის რუსული ენერგეტიკული სექტორის წილი ევროპაში საკმაოდ მაღალია.
შესაძლო ემბარგოს დაწესების შესახებ საუბრისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში გერმანია უბრალოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას. გარდა ამისა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება სავარაუდოდ მკვეთრად გააძვირებს, ისედაც ძვირ ნავთობს.
მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ სანავთობო ემბარგო დასავლეთის სახელმწიფოებში განიხილება.
რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის ემბარგოს დაწესება ერთგვარ ბირთვულ სანქციად განიხილება. სხვადასხვა გათვლებით, მხოლოდ ემბარგოს შედეგად რუსეთის ეკონომიკა წელს შესაძლოა 25%-ით შემცირდეს, ხოლო 1 დოლარის ღირებულებამ 200 რუბლს გადააჭარბოს - ამ შემთხვევაში 30%-იან ნიშნულს შეიძლება გადასცდეს ინფლაციის მაჩვენებელიც.