ბრაზილიაში სამთავრობო შენობებზე შტურმის შემდეგ ყოფილი მინისტრი დააკავეს

ბრაზილიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ანდერსონ ტორესი, რომელიც ამ თანამდებობას ჟაირ ბოლსონაროს პრეზიდენტობისას იკავებდა, საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლსონაროს დამარცხების შემდეგ დაწყებულ არეულობაში მონაწილეობისთვის დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო AFP 14 იანვარს წერს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტორესი შაბათს ბრაზილიაში, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დააკავეს, სადაც ის სამთავრობო შენობებზე შტურმის დროს იმყოფებოდა. იუსტიციის ახალმა მინისტრმა ფლავიო დინომ თავისი წინამორბედი გააფრთხილა, რომ ორშაბათს ნებაყოფლობით უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრაზილია მის დეპორტაციას მოითხოვს.

დინოს თქმით, ტორესის სახლში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების "გამოსწორების" საბუთი აღმოაჩინეს. მანამდე ბრაზილიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის დედაქალაქში მომხდარი შეტაკებების და პარლამენტზე შტურმის გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულთა სიაში ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონაროც შეიყვანა. ეს გენერალური პროკურატურის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ მოხდა, რომელიც ეჭვობს, რომ სწორედ ბოლსონარო შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის იდეოლოგი და წამქეზებელი.

30 ოქტომბერს ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ლუის ინასიო ლულა და სილვამ ხმების 50.9%-ით გაიმარჯვა. 8 იანვარს ბოლსონაროს დაახლოებით 5000 მხარდამჭერი შეიჭრა დედაქალაქის სამთავრობო შენობებში, სადაც ბარიკადები ააგეს და პოლიციელებს ქვებითა და ჯოხებით დაესხნენ თავს.

ბრაზილიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სამართალდამცავებმა დემონსტრანტები წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაშალეს. თავად ბოლსონარო ამ დროს ფლორიდაში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები