ბრიტანელ მინისტრებს სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ
ბრიტანეთის მთავრობამ მინისტრებს სამთავრობო ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ BBC News წერს.
კაბინეტის ოფისის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა დეპუტატებს განუცხადა, რომ აპლიკაცია უსაფრთხოების მიზნით აიკრძალა და გადაწყვეტილება დაუყონებლივ შევა ძალაში.
მისი თქმით, ეს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის რეკომენდაციის შედეგად გადადგმული "პრევენციული", მაგრამ "გონივრული" ნაბიჯია.
TikTok-მა კატეგორიულად უარყო ბრალდებები, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის მთავრობას აწვდის.
დაუდენმა დეპუტატებს განუცხადა, რომ აკრძალვა არ გავრცელდება მინისტრების ან საჯარო მოხელეების პირად ტელეფონებზე, ან ფართო საზოგადოებაზე. მისი თქმით, ეს არის "პროპორციული" პასუხი "სპეციფიკური რისკის სამთავრობო მოწყობილობებისთვის."
"თუმცა, როგორც ყოველთვის ხდება, ჩვენ ინდივიდებს ვურჩევთ გამოიჩინონ სიფრთხილე ონლაინ და განიხილონ თითოეული სოციალური მედიის პლატფორმის მონაცემთა პოლიტიკა, სანამ ჩამოტვირთავენ და გამოიყენებენ."
ბრიტანეთის მთავრობას და თავდაცვის სამინისტროსაც აქვთ TikTok-ის ანგარიშები. თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს დილით ატვირთა ვიდეო Challenger 2-ის ტანკზე, რომელიც უკრაინას გადაეცემა.
შეერთებულმა შტატებმა TikTok ოფიციალურ მოწყობილობებზე დეკემბერში აკრძალა. წინა თვეში იგივე გააკეთა ევროკომისიამ.
TikTok სამთავრობო მოწყობილობებზე კანადამ, ბელგიამ და ინდოეთმაც აკრძალეს.