ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სავაჭრო სანქციები შემოიღო. დამატებითი შეზღუდვების ჩამონათვალი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სანქციები მოიცავს რუსეთის ფედერაციაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას. ბრიტანეთმა ასევე აკრძალა თვითმფრინავის საწვავის და საწვავის დანამატების, აგრეთვე ნავთობის გადამამუშავებელი საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი.
გარდა ამისა, ბრიტანეთი აჩერებს ფუნტ სტერლინგსა და ევროში დენომინირებული ბანკნოტების რუსეთის ფედერაციისთვის მიწოდებას.
გაფართოვდა რკინისა და ფოლადის იმპორტთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, ფინანსური და საბროკერო მომსახურების მიწოდების შეზღუდვები, დაწესდა ახალი სანქციები საზღვაო სატრანსპორტო საქონელსა და ტექნოლოგიებზე.