ბრიტანეთის დაზვერვა: გირკინის დაკავებამ Z-ბლოგერები და სამხედროები გააბრაზოს

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, იგორ გირკინის 9 (სტრელკოვის) დაკავებამ შესაძლოა Z-ბლოგერები და სამხედროების ნაწილი გააბრაზოს. 

ამის შესახებ უწყების ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ სტრელკოვი 2014 წლიდან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი და სახეა. 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გირკინის დაკავებამ შესაძლოა გააბრაზოს მისი მომხრეების ნაწილი Z-ბლოგერებისა და სამხედროების წრეში. 

"მიუხედავად იმისა, რომ გირკინი არასდროს ყოფილა ვაგნერის მომხრე, თავისი კრიტიკის გამწვავება მხოლოდ ვაგნერის ჩავარდნილი ამბოხის შემდეგ შეძლო. პუტინის რეჟიმის კრიტიკაზე აქამდე მოქმედი ტაბუ აშკარად შესუსტებულია",- ნათქვამია მიმოხილვაში. 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის შავრაზმულ წრეებში სტრელკოვის მამაცი და კომპეტენტური სამხედროს იმიჯი აქვს, რომელსაც არ ეშინია ვლადიმირ პუტინის კრიტიკის. 

კონტექსტი 

დონბასელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი 21 ივლისს ექსტრემისტული მოწოდებების ბრალდებით დააპატიმრეს. მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ სტრელკოვს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლოს შენობასთან დააპატიმრეს სტრელკოვის თანამოაზრე გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბში, დონეცკის ე.წ. ყოფილი სახალხო გუბერნატორი, პაველ გუბარევი. სტრელკოვის მსგავსად მასაც ექსტრემიზმს ედავებიან. 

სტრელკოვამდე არმიის დისკრედიტაციის მუხლით საქმე აღიძრა მისი თანაწამყვანის ГРУ-ს თადარიგის პოლკოვნიკის, ანატოლი კვაჩკოვის წინააღმდეგ. 

ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ სტრელკოვი და თანამოაზრეები კრემლის უფრო მწვავე კრიტიკაზე გადავიდნენ. 

მსგავსი სიახლეები