ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამ ინფორმაციას 13 დეკემბერს ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.
მთავრობის განცხადებით, სანქციები ეხება რუს მაღალჩინოსნებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის არმიის "არაადამიანურ, არაპროვოცირებულ შეჭრაში უკრაინაში". სიაში ასევე შედის რამდენიმე ირანელი ბიზნესმენი და სამხედრო თანამდებობის პირი, რომლებიც მონაწილეობენ თავდასხმებში გამოყენებული სამხედრო დრონების წარმოებაში ან/და მიწოდებაში.
სანქციები უწესდება რუსეთის შეიარაღებული ძალების 12 მეთაურს (მათ შორის უშუალოდ შეჭრაში მონაწილე ქვედანაყოფების), სამი ირანელ სამხედრო მაღალჩინოსანს და ირანული დრონების მწარმოებელ კომპანია MADO-ს.
"ირანული წარმოების დრონებმა ცენტრალური როლი ითამაშეს მშვიდობიან მოსახლეობაზე ამ სასტიკ თავდასხმებში. 9 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ირანი გახდა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი, რომელიც ასობით დრონს აგზავნის რუსეთში საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევით, რომლებიც გამოიყენება უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად", - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ სანქციების სიის გაფართოების კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსული ჯარის თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო პირებზე უპასუხოდ არ დარჩება.
"პუტინს სურს გატეხოს უკრაინის სული, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინა აღდგება", - თქვა მან.