ბრიტანეთმა რუს მილიარდერ ტინკოვს სანქციები მოუხსნა
დიდმა ბრიტანეთმა რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი სანქციების სიიდან ამოიღო.
ამას ბრიტანეთის ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისის დოკუმენტი (OFSI) მოწმობს.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ტინკოვი ამოღებულია იმ სანქციების სიიდან, რომლებიც მოიცავს აქტივების ჩამორთმევას.
ბრიტანეთმა Тинькофф банк-ის დამფუძნებელ ოლეგ ტინკოვს სანქციები 2022 წლის 24 მარტს დაუწესა.
ბრიტანელმა მილიარდერმა და Virgin Group-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა ბრიტანეთს მოუწოდა ტინკოვის წინააღმდეგ სანქციები გაეუქმებინა, რომელიც საჯაროდ გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
ტინკოვმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციების სიიდან ამოღების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.
მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინს ან ხელს უწყობენ ომს. ტინკოვის თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ ის შეცდომით მიიჩნია ასეთი ადამიანების რიგებში.
2022 წლის ოქტომბერში ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
გასული წლის აპრილში ტინკოვის ოჯახის ტრასტმა გაყიდა Тинькофф банк-ის წილი, გაყიდვის პირობები საჯარო არ იყო.
ტინკოვმა თქვა, რომ მან ბიზნესი ზეწოლის ქვეშ, ნაციონალიზაციის საფრთხის გამო "კაპიკებად" გაყიდა, რადგან ის სოციალურ ქსელებში საჯაროდ გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში.