ბრიტანეთი მზადაა უკრაინაში 10 ათასი სამშვიდობო გაგზავნოს - The Times

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 15 მარტს, ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე უკრაინაში დასავლური "სამშვიდობო კონტინგენტის" შექმნის გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი იქნება.
ამის შესახებ The Times ბრიტანეთის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
The Times-ის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინისთვის სამშვიდობო ჯარების საბოლოო რაოდენობა "აუცილებლად გადააჭარბებს იმ 10 ათას ადამიანს," რომელსაც ბრიტანეთი უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, შაბათის შეხვედრაზე ლონდონმა მოახერხა "საგრძნობლად მეტი" ქვეყნის მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც მზადაა უკრაინაში სახმელეთო ჯარები გაგზავნოს.
საერთო ჯამში, დაახლოებით 35 ქვეყანა, შაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ უზრუნველყოს იარაღი, ლოგისტიკა და სადაზვერვო მხარდაჭერა პოტენციური "სამშვიდობო" მისიისთვის. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ჯარების ძირითად ნაწილს ბრიტანეთი და საფრანგეთი გაგზავნიან.
"ეს არის მნიშვნელოვანი ძალა, რომელშიც ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობა კონტრიბუციას უწევს სამშვიდობო კონტიგენტს და ბევრად უფრო დიდი ჯგუფი, სხვა გზებით მონაწილეობს," - განუცხადა The Times-ს სხვა წყარომ.
15 მარტს შეხვედრის შემდეგ კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ 20 მარტს, სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან ბრიტანეთში, რათა დაგეგმონ, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მომავალი "სამშვიდობო შეთანხმება."
ამასთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი გეგმა მოითხოვს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას.