ბრიტანული დაზვერვა: რუსული ავიაცია კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდის
რუსეთის ავიაცია ზრდის შეტევების ინტენსივობას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემის ეფექტური მუშაობის გამო კვლავ სერიოზულ დანაკარგებს განიცდის.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.
"რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს უკრაინის ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემების აღმოჩენა და განადგურება, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა რუსეთის სტრატეგიული ამოცანა - ცაში დომინირებასთან დაკავშირებით. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს მათ შესაძლებლობებს ხელი შეუწყონ სახმელეთო ძალების წინსვლას", - ნათქვამია დოკუმენტში.
გუშინ, 2 აპრილს გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული პორტატული ანტი-საჰაერო სისტემის StarStreak-ის გამოყენებით, ოკუპანტების პირველი ვერტმფრენი МИ-28 ჩამოაგდეს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მიერ გადაცემულ ანტი-საჰაერო სისტემებს უკრაინელი მებრძოლები უკვე კვირაზე მეტია იყენებენ.