ბუდანოვი: ჩვენ დრონების დაახლოებით 70%-ს ვაგდებთ

უცხოური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე გადასვლის ფაქტი რუსეთისთვის არაჩვეულებრივი შემთხვევაა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა "Обозреватель"-თან ინტერვიუში 18 ოქტომბერს განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, რუსული რაკეტების დაბალმა სიზუსტემ და მათმა მცირე რაოდენობამ განაპირობა ოკუპანტი ქვეყნის მიერ ირანული დრონების შეძენა.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია საკმარისი რაოდენობით ახალ რაკეტებს ვერ აწარმოებს და ის, რომლითაც დამპყრობლები 24 თებერვალს ომში შევიდნენ, მალე ამოიწურება. შეიარაღების ბევრი ტიპის მარაგი უკვე კრიტიკულ 30%-ზე დაბლაა, რაც რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციითაა განსაზღვრული.

"ჩვენ მივედით იქამდე, რომ მათ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყეს. შეუძლიათ თუ არა მათ შეცვალონ რაკეტები მათი მახასიათებლებით? არა, არ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ახლა რუსეთის ფედერაციაში არის მათი საკმარისი რაოდენობა [კამიკაძე დრონები] და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის სიზუსტე ბევრად აღემატება ამ რაკეტებისას. ამის იმედი აქვთ", - განაცხადა ბუდანოვმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის თქმით, ირანს დრონების პირველი პარტია 1750 უპილოტო საფრენი აპარატის ოდენობით შეუკვეთეს, შემდეგ ამას ახალი შეკვეთები მოჰყვა. მაგრამ მათი წარმოება და რუსეთისისთვის მიწოდება "ერთდროულად არ მოხდება".  

"ისინი თანდათანობით იყენებენ მათ, ირანელები ახლებს აწარმოებენ, მაგრამ ამ საკითხს მეორე მხარე აქვს: ჩვენ მუდმივად ვაგდებთ უპილოტო თვითმფრინავების დაახლოებით 70%-ს", - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვის თქმით, კამიკაძე დრონების განადგურების პროცენტის გასაზრდელად საჭიროა "სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები".

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ადრე გაჟღერებული შეფასებით, უკრაინელი სამხედროები ირანული წარმოების Shahed-136 კამიკაძე დრონების 90%-მდე აგდებენ.

მსგავსი სიახლეები