ბუდანოვი: პრიგოჟინის განცხადებების 80% სიმართლეა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი თვლის, რომ "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებების 80% სიმართლეა.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმმართველოს ხელმძღვანელმა გადაცემაში "Разные люди" ისაუბრა.

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ რასაც პრიგოჟინი ამბობს ძირითადად სიმართლეა. არის რაღაცეები, რაზეც არ შეიძლება ითქვას, რომ მცდარია - მათი აღქმა სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ მისი განცხადებების 80% აბსოლუტური სიმართლეა." - თქვა ბუდანოვმა.

კერძოდ, დაზვერვის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინი საკმაოდ გულწრფელად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი გერასიმოვს. ეს თავდასხმები არ არის ე.წ. "ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია."

ბუდანოვის თქმით, სამხედრო კომპანია "ვაგნერმა", რომელსაც პრიგოჟინი ხელმძღვანელობს, რუსული არმიისგან განსხვავებით, "მაქსიმალური ეფექტურობა" აჩვენა, რომლის სარდლობაც, შურის გამო, ცდილობს კერძო სამხედრო ნაწილების "ფიზიკურად განადგურებას."

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ვაგნერელებს ეფექტურობით კადიროველებიც ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები