ჩარლზ III: დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გამარჯვებას მიაღწევს
ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ საფრანგეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ მას "ურყევად სწამს" რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების.
ხუთშაბათს, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში, სენატში გამოსვლისას, მეფემ მეორე მსოფლიო ომის მოვლენები გაიხსენა, როდესაც ბრიტანელები და ფრანგები "მხარდამხარ იბრძოდნენ ევროპის განთავისუფლებისთვის."
მეფის თქმით, დღეს ისინი კვლავ დგანან "ჩვენს კონტინენტზე გაუმართლებელი აგრესიის წინაშე."
ჩარლზ III-მ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და აღნიშნა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერენ მათ: "ჩვენი გადამწყვეტი მოქმედება და ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე."
ბრიტანეთის მეფე სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. სენატში გამოსვლისას მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს საფრანგეთთან ალიანსის გასაძლიერებლად. მან ახალი ანტანტის შექმნაზე ისაუბრა, ამჯერად კლიმატის ცვლილებასთან უფრო ეფექტურად საბრძოლველად.
ჩარლზი პირველი ბრიტანელი მონარქი გახდა, რომელმაც საფრანგეთის სენატის მთავარ პალატაში ისაუბრა. მის გამოსვლას მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.
წინა დღეს ვერსალის სასახლეში მეფის პატივსაცემად საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელით ბანკეტი გაიმართა.