ჩავუშოღლუ ლავროვთან შეხვედრის შემდეგ: ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს
თურქეთი მხარს უჭერს რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას, მოლაპარაკებების საფუძველზე და მზად არის მხარი დაუჭიროს ამ პროცესს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 7 აპრილს, ანკარაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ საკითხებზე, რომელთა შორის სერიოზულ პრობლემად რჩება უკრაინა.
"ჩვენ განვაცხადეთ, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს მოლაპარაკებებით და გავიმეორეთ, რომ ჩვენ, თურქეთი, მზად ვართ მხარდაჭერა გავუწიოთ (ამ პროცესს. - რედ.)" - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, თურქეთი დიალოგის წინსვლისთვის ორივე მხარეს აქტიურად ეკონტაქტება.
ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ ანკარა მხარს უჭერს "მარცვლეულის შეთანხმების" გახანგრძლივებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შეთანხმების გახანგრძლივებას. ეს გლობალური კრიზისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პრობლემის შესამცირებლად, რომელიც მსოფლიოს ყველა ოჯახს აქვს", - განაცხადა მან.