ჩეხეთი 4 ათას უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე დაეთანხმა ქვეყანაში 4000 უკრაინელი სამხედროს დარჩენასა და წვრთნას. ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, წერს Ceske Noviny.
"მთავრობამ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების წვრთნა ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე", - განაცხადა მან.
უკრაინელი სამხედროების წვრთნა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2023 წლის ბოლომდე ხუთი ოთხკვირიანი როტაციის ფარგლებში იგეგმება, რომელთაგან თითოეულში 800-მდე სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული. პირველი ციკლი წელს გაიმართება.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების ჯამური ღირებულება 975 მილიონი კრონია (41.5 მილიონ დოლარზე მეტი). 2022 წელს ჩეხეთში უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე 195 მილიონი კრონი უნდა დაიხარჯოს, მომავალ წელს 780 მილიონი.
კერძოდ, წელს პირველ ციკლში მონაწილეობას მიიღებს მექანიზებული ბატალიონის 700-მდე სამხედრო და უშიშროების ქვედანაყოფების 40 სამხედრო, 30 სამედიცინო სპეციალისტი, 10 ქიმიური დანაყოფის სპეციალისტი და 20 საინჟინრო დანაყოფის სპეციალისტი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნა ეფუძნება ორმხრივ შეთანხმებას ჩეხეთისა და უკრაინის მთავრობებს შორის, თუმცა მომავალში იგი განხორციელდება პან-ევროპული მისიის, EUMAM Ukraine-ის, ფარგლებში. ჩეხეთმა ამისთვის 55-მდე ადამიანი უნდა გამოყოს, ისინი იმუშავებენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მისიის სამეთაურო სტრუქტურებში, ან ინსტრუქტორებად.
"ჩვენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წვრთნას ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე ჩავატარებთ და ამავდროულად გადავიყვანთ მას ევროკავშირის დამხმარე მისიის ქვეშ, თუმცა, ამის შემდეგ სწავლება ჩეხეთის ტერიტორიაზე გაგრძელდება", - განმარტა ჩერნოხოვამ.