ჩეხეთმა რუსებსა და ბელორუსებზე ვიზების გაცემის აკრძალვა 2023 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
ჩეხეთი ვიზებსა და ბინადრობის ნებართვებს რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე მინიმუმ 2023 წლის მარტის ბოლომდე არ გასცემს. გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობის სხდომაზე 22 ივნისს მიიღეს.
"ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ჩეხეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესების დაცვას უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია, რომელსაც ბელორუსის რესპუბლიკა მხარს უჭერს", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
სამინისტრომ განმარტა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად რუსების ან ბელორუსების მიერ საელჩოებში წარდგენილი განაცხადები "მიუღებლად ჩაითვლება" და მათზე არანაირი სამართალწარმოება არ მოხდება.
აკრძალვა არ ვრცელდება ხანმოკლე ვიზებზე, თუ განმცხადებელი არის ჩეხეთის მოქალაქის ოჯახის წევრი. ის ასევე არ ვრცელდება ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები უცხოელების ბავშვების გრძელვადიანი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მსურველებზე.
რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე აქვთ ჩეხეთში ბინადრობის ნებართვა, შეძლებენ მის გახანგრძლივებას, დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.