ჩინეთი ისრაელს მოუწოდებს არ შესწიროს ორმხრივი ურთიერთობები აშშ-ს წნეხს - Axios

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი ჩინოვნიკები მოუწოდებენ ისრაელს, არ გააუფუჭონ სახალხო რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობები აშშ-სგან მომდინარე წნეხის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ამგვარი შინაარსის გზავნილი ისრაელის ელჩმა ჩინეთში ლიუ ძიანჭაოსგან მიიღო, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. 

ელჩის კომპარტიის მაღალჩინოსნის შეხვედრა გასულ ოთხშაბათს შედგა.

კონტექსტი

ჩინეთი უკვე მრავალი წელია აღიარებს პალესტინურ სახელმწიფოს და თანმიმდევრულად მხარს უჭერს პრო-პალესტინურ რეზოლუციებს გაეროში. 

განსხვავებების მიუხედავად, კომპარტიის მაღალჩინოსნის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არ არის კონფლიქტური შინაარსის, არამედ გრძელვადიან ერთობლივ ინტერესებზეა დაფუძნებული. 

გამოცემის ცნობით, ლიუ ძიანჭაომ ისრაელის ელჩთან საუბარში განაცხადა, რომ ჩინეთს ესმის ებრაელი ხალხი გამოვლილი ტანჯვა  წარსულში, რადგანაც თავად ჩინელებს წლების განმავლობაში დასავლეთის სახელმწიფოები ჩაგრავდნენ. 

Axios-ს ინფორმაციით, გარკვეულ ეტაპზე ჩინელმა ჩინოვნიკმა აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობებზე დაიწყო საუბარი. მისი თქმით, ჩინეთისთვის სრულად გასაგებია აშშ-სა და ისრაელს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები, თუმცა ისრაელს შეუძლია ჩინეთის მიმართ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდეს. 

"ეს კრიტიკული სატესტო წერტილია ჩინეთისა და ისრაელის ურთიერთობებში", - განაცხადა ლიუ ძიანჭაომ.

ამ ფონზე ძიანჭაომ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი არ შეწირავს პოზიტიური ურთიერთობების პერსპექტივას ჩინეთთან, აშშ-სგან მომდინარე წნეხს. 

ამ კონტექსტში ჩინელმა პოლიტიკოსმა კონკრეტულად გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩინეთს სურს ისრაელი არ აღმოჩნდეს 'ჩათრეული' და არ აღიაროს ჩინეთის მიერ სინძიანში ეთნიკური უიღურების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი, რის საერთაშორისო აღიარებასაც აშშ ადვოკატირებს. 

ლიუ ძიანჭაოს თქმით, ჩინეთის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ "არაფერს ეფუძნება და შეურაცხყოფს ჩინელ ხალხს". მისი თქმით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩინეთს ტყვიაც კი არ გაუსვრია, იმ ფონზე როდესაც აშშ-მა 2 დიდი ომი წამოიწყო. 

"ებრაელ და ჩინელ ხალხს ბევრი საერთო აქვთ. არ არსებობს მიზეზი რომ ჩვენ ერთმანეთს ვატკინოთ. თუ გარე წნეხის შედეგად ისრაელი დააზიანებს ჩინეთს ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნება",- თქვა კომპარტიის მაღალჩინოსანმა. 

თავის მხრივ ჩინელ ჩინოვნიკთან საუბარში ისრაელის ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ისრაელი დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს მათ შორის ჩინეთთან მიმართებითაც, თუმცა ჩინეთის პოზიციები პალესტინის საკითხთან დაკავშირებით არ უწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. 

ჩინეთ-ისრაელის ურთიერთობებმა დინამიკა პრემიერის პოსტიდან ბენიამინ ნეთანიაჰუს წასვლის შემდეგ დაკარგა. ნეთანიაჰუ წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. 

2021 წლის გაზაფხულზე ისრაელის ხელისუფლებაში მოსულმა კოალიაციამ უფრო სერიოზულად აღიქვა აშშ-ს მოწოდებები ჩინეთთან დისტანცირების შესახებ და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა.

მაგალითისთვის ივნისში ისრაელმა მხარი დაუჭირა გაეროში აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზულიციას, რომელიც სინძიანში ჩინეთის მოქმედებებს გმობდა. 

 

მსგავსი სიახლეები