ჩინეთი უკრაინიდან და რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის "მწვანე დერეფანს" მხარს უჭერს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხარს უჭერს რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის "მწვანე დერეფნის" შექმნის იდეას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ 24 მაისს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდი ავრცელებს.

"შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოითხოვოს ცეცხლის ადრეული შეწყვეტა და "მწვანე დერეფნის" უზრუნველყოფა მარცვლეულის ექსპორტისთვის რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან. ჩინეთი მზადაა შეინარჩუნოს კავშირი ყველა მხარესთან", - თქვა მან. 

24 მაისს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა მარიუპოლიდან საზღვაო "მწვანე დერეფნის" ორგანიზების დაწყების შესახებ.

"მარიუპოლის პორტიდან უცხოური გემების უსაფრთხო გასვლის მიზნით 2022 წლის 25 მაისს 08:00 საათიდან შავი ზღვის მიმართულებით 115 მილი სიგრძის და 2 მილი სიგანის ჰუმანიტარული დერეფანი ეწყობა", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა იმავე დღეს განაცხადა, რომ ხუთმა უცხოურმა გემმა, რომლებიც ადრე დაბლოკილი იყო დაბომბვისა და ნაღმების საფრთხის გამო, დატოვა მარიუპოლის პორტი.

მიზინცევის თქმით, ამჟამად უკრაინის პორტებში 16 ქვეყნის 70 უცხოური ხომალდია ბლოკირებული.

მსგავსი სიახლეები