ჩინეთის კომპარტია მე-20 ყრილობას 16 ოქტომბერს გამართავს

ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, პარტიის მე-20 ყრილობა 16 ოქტომბერს დაიწყება.

ყრილობა, რომელიც ყოველ ხუთ წელში ერთხელ ტარდება, ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, მე-20 ყრილობაზე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი დამკვიდრებულ ტრადიციას დაარღვევს და პარტიის თავჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას ზედიზედ მესამედ წარადგენს.

80-ანი წლებიდან ჩინეთის მმართველი ფიგურები თანამდებობაზე მხოლოდ ორი ხუთწლიანი ვადით რჩებოდნენ.

69 წლის სი ძინფინგი რადიკალური ავტოკრატიული ხედვებითაა ცნობილი.

მისი საპროგრამო ხედვა, ჩინელი ერის დიადი გამოცოცხლება, პეკინის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდას და ტერიტორიულ ექსპანსიას ითვალისწინებს.

მოსალოდნელია, რომ სი ძინფინგი კანდიდატურის გატანას დაბრკოლების გარეშე შეძლებს.

პარტიის ლიდერისთვის დაწესებული ორი ვადის შეზღუდვა სი ძინფინგმა ჯერ კიდევ 2018 წელს გააუქმა.

„სი ჩინეთს კიდევ უფრო სინო-ცენტრულს გახდის, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის კუთხით“, - აცხადებს ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი სტივ ცანგი.

„ის პარტიის, როგორც ჩინეთში [ყველა სფეროს] წარმმართველის როლს კიდევ უფრო გაზრდის და პარტიის ლიდერის ხელში სრულ ძალაუფლებას მოუყრის თავს“, - ამბობს მკვლევარი.

ცოტა ხნის წინ ჩინეთის ხელისუფლების მთავარი გაზეთის გარეკანზე სი ძინფინგის ხედვის შემაჯამებელი ფორმულა გამოჩნდა: „პარტია, მთავრობა, არმია, ხალხი, განათლება: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით, ცენტრში - პარტია ყველაფერს მართავს“.

უცნობი რჩება, თუ ვინ ჩაანაცვლებს ჩინეთის პრემიერ-მინისტრს - ლი კეციანგს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე 67 წლის ვანგ იანგი განიხილება, რომელიც პარტიის ერთ-ერთ პოლიტიკურ სტრუქტურას ხელმძღვანელობს. პრემიერის თანამდებობაზე ასევე მოიაზრება მოქმედი ვიცე-პრემიერი, 59 წლის ხუ ჩუნხუა.

ყრილობა განსაზღვრავს მმართველობის ყველაზე მძლავრი ორგანოს, ჩინეთის კომპარტიის აღმასრულებელი კომიტეტის ზომასაც, რომელიც ამჟამად შვიდ წევრს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები