ჩინეთის საფრთხე: აშშ-მ და ბრიტანეთმა ტაივანზე მოლაპარაკებები გამართეს
მარტის დასაწყისში აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მთავარი თემაც ტაივანის უსაფრთხოება და ომის ალბათობის შემცირება იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times საკითხში გათვიცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით მარტის დასაწყისში ტაივანზე ერთმანეთს შეხვდნენ: თეთრი სახლის კოორდინატორი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში კურტ კემპბელი, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპეციალისტი ჩინეთის მიმართულებით, ლაურა როზენბერგერი და მათი ბრიტანელი კოლეგები.
მოლაპარაკებების მთავარი თემა საგანგებო ვითარებაში მათი მოქმედების გეგმები განიხილეს. ბოლო თვეებში ტაივნის ირგვლივ ვითარება რამდენიმეჯერ გამწვავდა - ჩინეთმა ამერიკული გემები ტერიტორიულ წყლების დარღვევაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავებმა რამდენიმეჯერ დაარღვიეს ტაივანის საჰაერო სივრცე.
აპრილის დასაწყისში ტაივანს ეწვია აშშ-ს კონგრესის დელეგაცია, რამაც ჩინეთის რიტორიკის გამკაცრება გამოიწვია. მალევე სახალხო რესპუბლიკამ კუნძულის მახლობლად მასშტაბური სამხედრო წვრთნები დააანონსა.
2021 წლის ოქტომბერში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანის მხარეს დაიჭერდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია გულისხმობს თუ არა ეს პირდაპირ სამხედრო ჩართულობას.
მალევე გავრცელდა ტაივანის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ კუნძულზე მართლაც არიან ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ტაივანის არმიას წვრთნიან, თუმცა მათი რაოდენობა არ არის იმდენად ბევრი, "რამდენიც ზოგ პოლიტიკოსს მიაჩნია".
26 აპრილს ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ყველაფრით მოამარაგებს ტაივანს, რაც მას ნებისმიერი სახელმწიფოს აგრესიისგან თავდაცვაში დაეხმარება, მათ შორის ჩინეთისგანაც.
28 აპრილს წაკითხულ მოხსენებაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ნატო არამხოლოდ რეგიონალურ, არამედ გლობალურ პრობლემებს უნდა წყვეტდეს, მათ შორის ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზში, რათა "ტაივანის მსგავს დემოკრატიულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ თავდაცვის საშუალება".