ჩინეთის უახლესი ატომური წყალქვეშა ნავი ჩაიძირა

ჩინეთის უახლესი ატომური წყალქვეშა ნავი ექსპლუატაციაში შესვლამდე, დოკში მაშინ ჩაიძირა, როდესაც ნავს წყალში ფინალური გამოცდისთვის ამზადებდნენ. 

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Wall Street Journal-მა გაავრცელა - ცნობები მოგვიანებით დაადასტურ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმაც. 

უწყების ცნობით, საუბარია ახალი კლასის (ჟოუ) წყალქვეშა ნავზე, რომელიც სატელიტებმა მიმდინარე წლის მაისში ქალაქ ვუჰანის ნავსადგურში შენიშნეს. 

ივნისის სატელიტურ ფოტოებზე ადგილზე დიდი საზღვაო კრანები დგას და წყალქვეშა ნავი არ ჩანს - ექსპერტების შეფასებით ამ ტიპის კრანები ძირითადად ფსკერიდან ჩაძირული გემების ან მათი ნაწილების ამოსატანად გამოიყენება. 

"წვრთნის სტანდარტებთან და აღჭურვილების ხარისხთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ინციდენტი აჩენს დამატებით კითხვებს ჩინეთის ანგარიშვალდებულების შესახებ სახალხო გამათავისუფლებელ არმიასა და თავდაცვის სამინისტროში, რომელშიც დიდი ხანია კორუფციული პრობლემებია"- ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. 

კონტექსტი 

სხვადასხვა შეფასებებით ჩინეთს მსოფლიოში უმსხვილესი საზღვაო ფლოტი ჰყავს, საზღვაო რაკეტების მზარდ არსენალთან ერთად, რომლებიც წყნარი ოკეანის აუზში ამერიკულ ფოტნს სერიოზულ რისკს უქმნიან. დასავლური დაზვერვის შეფასებით, ჩინეთი წლებია ცდილობს ახალი კლასის ატომური წყალქვეშა ნავების ფლოტის შექმნას, თუმცა პროცესში ბევრ ტექნოლოგიურ სირთულეს აწყდება. 

ინციდენტს წინ უძღოდა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განვითარებული რამდენიმე მსხვილი კორუფციული სკანდალი - გასული 2 წლის განმავლობაში ჯერ თანამდებობიდან გაათავისუფლეს სარაკატო ჯარების 2 მეთაური, ხოლო მოგვიანებით გაუჩინარდა ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი. 

სპეციალისტების შეფასებით, მაღალი ალბათობით ჩაძირულ ნავს ფსკერინდან ამოიტანენ და განაახლებენ იმავე საწარმოში, რომელშიც დააპროექტეს, თუმცა ექსპლუატაციაში შესვლის ვადა რამდენიმე წლით მაინც გადაიწევს. 

სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, 'სუპერ ჩუმი' წყალქვეშა ნავების მეშვეობით ამერიკა ჩინეთთან სერიოზულ უპირატესობას ინარჩუნებს. ტაივანზე ჩინური ფლოტის შეჭრის შემთხვევაში ამ ტიპის წყალქვეშა ნავებით ამერიკულ ფლოტს ჩინეთის სანაპიროსთან მიახლოების საშუალება ექნება, რაც პოტენციურ საომარ დაპირისპირებაში ხელშესახებ უპირატესობას მისცემს. 

სწორედ ამიტომ გასული 10 წლის განმავლობაში ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ წყალქვეშა ნავების ახალი კლასის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ჟოუს კლასის ნავების გარდა ჩინეთში ბალისტიკური რაკეტების გადამზიდი ატომური ნავების პროექტსაც ავითარებენ. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეფასებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი პირდაპირ ეხმარება ჩინეთს წყალქვეშა ატომური ნავების ტექნოლოგიების განვითარებაში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები