ჩინეთის ყოფილი პრემიერი ლი კეციანი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი 68 წლის ასაკში გულის შეტევით, ქალაქ შანხაიში გარდაიცვალა.
ინფორმაციას კეციანის გარდაცვალების შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ლე კეციანის გარდაცვალების შესახებ ცნობები სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელ Weibo-ზე - ტვიტერის ჩინურ ანალოგი. მომხმარებლების ცნობით ლი კეციანის შესახებ ზოგიერთი ფრაზა და კომენტარი იბლოკება.
შედარებით მოკრძალებულია სახელმწიფო ტელევიზიების გაშუქებაც - ლი კეციანის კარიერის შესაფასებლად არ გამოიყენება 'პარტიის ოფიციალური ენა' ლის მიღწევების შესახებ, ჩამოთვლილია მხოლოდ ფაქტები.
ლი კეციანი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო წლებში ის პრაქტიკულად იზოლაციაში მოექცა - ის იყო ერთადერთი ლიდერი პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტში, რომელიც სი ძინფინგის მიერ არ იყო შერჩეული.
ლი კეციანმა განათლება პეკინის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მაო ძედუნის მიერ ინიცირებული კულტურული რევოლუციის დასრულების შემდეგ ჩააბარა - კულტურული რევოლუციის წლებში ჩინეთში უნივერსიტეტები დახურული იყო.
ჩინეთის ახლანდელი ლიდერების უმრავლესობისგან განსხვავებით ლი კეციანი არ ეკუთვნოდა ე.წ. წითელ პრინცებს - მამამისი არ ყოფილა მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფუნქციონერი ჩინეთში.
მიუხედავად ამისა, ლიმ შეძლო სწრაფი კარიერული წინსვლა - 29 წლის ასაკში ის ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორი გახდა. მალევე ლის გზა გაეხნა კომუნისტური პარტიის ცენტრალური აპარატისკენაც - წყაროების ცნობით, ლი ჩინეთის წინა ლიდერის ჰუ ძინტაოს მემკვიდრედ განიხილებოდა, თმცა შიდა პარტიულ ბრძოლაში სი ძინფინგთან დამარცხდა.
ლი ორი ვადით იკავებდა ნომინალური პრემიერის პოსტს და თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში დატოვა - მისი წასვლის შესახებ გადაწყვეტილება კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე მიიღეს, რომელიც გასულ წლის ოქტომბერში გაიმართა.
ლი კეციანი პრაგმატულ პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური გახსნისა და რეფორმების მტკიცე ადვოკატად მიიჩნეოდა - "ეს იყო ენთუზიასტი გახსნილი ადამიანი, რომელსაც სურდა ჩინეთის წინსვლა და რომელსაც ქონდა დიალოგი სხვადასხვანაირ ადამიანებთან",- ამბობს სინგაპურის უნივერსიტეტის პროფესორი ბერტ ჰოფმანი.
ლი კეციანი ასევე ითვლებოდა პოლიტიკოსად, რომელსაც არ ერიდებოდა სიმართლის თქმა, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკის რეალური მდგომარეობისა და სხვა პრობლემების შესახებ. ლი აქტიურად ადვოკატირებდა ჩინეთის ვალის შემცირებას და თვითკმარ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლას.
ლის პრემიერობის ბოლო წლები კორონავირუსის პანდემიას და შესაბამისად სი ძინფინგის მიერ ინიცირებულ ე.წ. ნულოვანი კოვიდის პოლიტიკას დაემთხვა. თანამდებობა ერთ-ერთ ბოლო ოფიციალურ შეხვედრაზე ლი კეციანმა განაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკა დიდი წნეხის ქვეშ იყო და გუბერნატორებს მოუწოდა აკრძალვებით არ დაეზიანებიათ ეკონომიკური ზრდა.
ერთ-ერთ სახელმწიფო ღონისძიებაზე ლი კეციანი სამედიცინო ნიღბის გარეშეც გამოჩნდა - თუმცა წყაროების ცნობით, ლის განკარგულებებსა და სი ძინფინგის ბრძანებებს შორის სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები იძულებულები იყვნენ სის დამორჩილებოდნენ.